|
"ყაზბეგი" ჯგუფის ისტორია
1994 წელი - ბიზნესმენი გოგი თოფაძე თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს კომპანიას"ყაზბეგი". კომპანია აუქციონზე ყიდულობს თბილისის ლუდის მეორე ქარხანას და იწყებს წარმოების სრულ რეკონსტრუქციას. ქარხანაში 4, 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.
1995 წელი - კომპანია "ყაზბეგი" უშვებს პირველ ქართულ ლუდს "ანანური". 1996 წელი - გამოდის 2 სახეობის ახალი ლუდი- "ფშავი" და "ყაზბეგი". კომპანია "ყაზბეგი" ბაზრის ლიდერი ხდება. იქმნება "ყაზბეგის" ლუდის ბარებისა და რესტორნების ქსელი. 1996 წელი - იქმნება "ყაზბეგის" სავაჭრო ნიშანი.
1997 წელი - კომპანია "ყაზბეგმა" სააქციო საზოგადოება "რუსთავის ლუდის" აქციები შეიძინა. იქმნება სააქციო საზოგადოება "ყაზბეგი". 1998 წელი - იქმნება "ყაზბეგის" სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც აერთიანებს ასეულობით რეალიზატორს საქართველოს ყველა რაიონში.
1999 წელი - კომპანია იწყებს თანხების დაბანდებას ტურიზმის სფეროში. შენდება სასტუმროები დაბა ყაზბეგსა და ბაკურიანში. 1999 წელი - სს "ყაზბეგი" იწყებს ორიგინალური სასმელის "ცივი ჩაისა" და ლიმონათის წარმოებას. რუსთავის ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ქარხნის ლაბორატორიის მეცნიერები იწყებენ არომატიზატორების დამზადებას ორიგინალური რეცეპტურით ნატურალური ნედლეულის ბაზაზე.
2000 წელი - "ყაზბეგი" წარმოებული პროდუქციის მოცულობით ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ბაზრის ლიდერი ხდება. სს "ყაზბეგი" უშვებს ათი სახეობის ლუდს, თორმეტი სახეობის ცივ ჩაის, ექვსი სახეობის ლიმონათს და არომატიზატორებს.
2001 წელი - იქმნება კომპანია "ყაზბეგი-ტობაკო", იხსნება თამბაქოს წარმოება, რომელიც 5 დასახელების სიგარეტს უშვებს. 2003 წელი - თერჯოლის მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე იქმნება შპს "ყაზბეგი-თერჯოლა", კომპანიის მთავარი მიმართულებაა საქართველოში მეფრინველეობის განვითარება.
2003 წელი - "ყაზბეგი" იწყებს თანხების დაბანდებას ხე-ტყის ბიზნესში. თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ყალიბდება შპს "ყაზბეგი-ფშაველი".
2003 წელი - კომპანია "ყაზბეგი" იწყებს დაბა ბაკურიანში დიდველის მთაზე ტურისტულ-სპორტული კომპლექსის მშენებლობის ოპერირებას.
2005 წელი - დაფუძნდა კომპანია "ფშაველი-ყაზბეგი", საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, სანადირო მეურნეობის მოწყობა. 2006 წელი-ყაზბეგი ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა "ქართუ უნივერსალი" და კომპანია "ზამექსი-პრინტი"
|